GC FUND

აქსის თაუერსი გაიხსნა

16 June, 2022
News Title

დღეს, 16 ივნისს დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, „Axis Towers-ი“ გაიხსნა.

„Axis Towers- ი“  დეველოპერული კომპანია „Axis“-ის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია. „Axis Towers-ი“ თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც პედესტალისა და ორი კოშკისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა 41-სართულიანია, 4 სართული მიწის ქვეშ, ხოლო 37 - მიწის ზემოთ მდებარეობს.

შენობის თეთრი კოშკი საცხოვრებელ ნაწილს ეთმობა, ხოლო შავ კოშკში ბიზნესცენტრია განთავსებული. სადაც მე-19 სართულიდან აკორ ჯგუში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „pillman“-ია გახსნილი. აღსანიშნავია, რომ „Axis Towers- ი“, რეგიონის მასშტაბით, პირველი მსოფლიო ბიზნესცენტრია (WTC).

„Axis towers- ი“, არქიტექტურული და ინჟინრული თვალსაზრისით, ინოვაციური პროექტია. კოშკების თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, თუმცა, ერთმანეთთან მიმართებით, სარკისებურად მოძრაობენ. ეს შენობას კიდევ უფრო მეტად უნიკალურს ხდის, რადგან იგი თბილისის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად მოჩანს.

„Axis Towers-ი“ გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად დეველოპმენტის 5 მიმართულებას მოიცავს: საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, საოფისე და გასართობ ფუნქციებს. აქ დაგხვდებათ ფრანგულ ბრენდ „Accor Group”-ში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman-ი“; 25-მეტრიანი საცურაო აუზი, მოძრავი გადახურვით და ღია ვერანდით; პროფესიონალურად აღჭურვილი ფიტნესსივრცე და სპა; 12 რესტორანი და 7 ბარი; საფეხმავლო ქუჩა - რეკრეაციული სივრცე, სადაც, ასევე, განთავსებულია კაფე-რესტორნები.

შავ კოშკში უამრავი ადგილია ბიზნესშეხვედრებისთვის: 2000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული საკონფერენციო სივრცეები; 7 შეხვედრების ოთახი და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოლრუმი, რომელიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასში ჩაშენებულია 4 სინქრონული თარგმნის ჯიხური და მისაღები სივრცე, ტერასით.

„Axis Towers-ის“ საერთო საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარს აჭარბებს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა ასევე მიიღო „საქართველოს ბანკმა“.